пятница, 7 апреля 2017 г.


     ქალაქებში (დაბებში…) სახლების ორ მწკრივს შორის მოქცეული გზა- ასეთ განმარტებას გვაწვდის ქუჩის შესახებ ვიკიპედია.
       ქუჩა ეს სწორედ ის ადგილია, რომელთანაც მთელი ცხოვრების მანძილზე ვართ დაკავშირებული.აქ ვხვდებით და ვესამებით ერთმანეთს, დავდივართ, მივიჩქარით, ამავე გზით ვბრუნდებით უკან და ნაკლებად ვფიქრობთ მის დანიშნულებაზე. სწორედ ამიტომაც გაჩნდა იდეა პროექტისა ,,ქუჩა, რომელზეც ვცხოვრობ“.

ნიკა ჩერქეზიშვილი - მე სხვა ქუჩაზე ვცხოვრობ

ხლართავს ინტრიგებს ხორო,
ფაფხურობს ბარე ორი,
მე სხვა ქუჩაზე ვცხოვრობ,
ჩემიდან გზაა შორი
ღმერთამდე,
ჰოდა,
ძმებო,
გვერდი უქციეთ ამ გზას,
რომ არ დაგემტვრეთ ფრთები,
რომ ყველაფერი რიგზე
იყოს
და
განა ბევრი,
ერთი თხოვნა მაქვს მხოლოდ:
სხვაგან ეძებეთ მტერი,
მე სხვა ქუჩაზე ვცხოვრობ.




იოსებ ნონეშვილი - ჩემს ქუჩაზე

ჩემს ქუჩაზე ერთი ქერა
ქალიშვილი დადის.
ქალია თუ ბედისწერა,
თუ სიზმარი ცხადი.
, არ მინდა ნატვრით მოღლილს
ნატვრა ამის გარდა -
შორს გვფარავდეს ლერწმის ქოხის
საოცნებო კალთა.
თეთრ გვირილებს ვკრეფდეთ ველად,
სიყვარულით მთვრალი.
მიბერავდეს მისი ქერა
დალალების ქარი.
და როს წლები წავლენ წყნარად,
დავბერდებით უკვე,
როს მის თმებში მზე კი არა,
მთვარე გააშუქებს;
როს შორს დარეკს, როგორც ზარი,
ჟამი გარდასული
და გაქრება, ვით ზღაპარი,
ბუხრის პირას თქმული, -
, არ მინდა ნატვრით მოღლილს
ნატვრა ამის მეტი -
დე, აფრინდეს ლერწმის ქოხი,
ვით ცისფერი გედი...
აგვიყვანოს, ლურჯი ფრთებით
გასჭრას ზეცის კალთა,
სადაც კრთიან ვარსკვლავები -
სულნი წინაპართა.
...ჩემს ქუჩაზე ერთი ქერა
ქალიშვილი დადის.
ქალია თუ ბედისწერა,
თუ ოცნება ცხადი?!